English / ქართული / русский /
თამილა ნუცუბიძეხათუნა ნუცუბიძე
შრომის ბაზრის გამოწვევები და ბიზნესგანათლებისა და სამეწარმეო სწავლების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია შრომის ბაზრის გამოწვევები, დასაქმების და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში. ამასთან ერთად, შესწავლილია უმაღლესიდა პროფესიული განათლების სისტემის  განვითარების ძირითადი მიმართულებები: ინტერნაციონალიზაციის პროცესის, ბიზნეს განათლების,  სამეწარმეო სწავლების მნიშვნელობა და მათთან დაკავშირებული გამოწვევები. ბიზნეს განათლების და სამეწარმეო სწავლების განვითარება და ინტერნაციონალიზაცია მიზნად უნდა ისახავდეს სტუდენტთა გლობალური კომპეტენციების ფორმირებას და სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის გაზრდას როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

საკვანძო სიტყვები: შრომის ბაზარი, უმუშევრობა, ბიზნესგანათლება, სამეწარმეო სწავლება. 

შესავალი 

შრომის ბაზრის გამოწვევები და განათლების სისტემის განვითარების ტენდენციები. XX საუკუნის90-იანი წლებიდან დაწყებული საქართველოში თანმიმდევრულად ვითარდება მეწარმეობა და ბიზნესორგანიზაციები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დინამიკური ფორმირების პროცესს. მიუხედავად მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, ჯერ კიდევ დასაძლევია ისეთი პრობლემატური საკითხები, როგორებიც არის ეკონომიკური პროდუქტიულობის ზრდის დაბალი დონე, მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ნელი ტემპები. აღნიშნული პრობლემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ უმუშევრობის დონეზე ქვეყანაში, რომელიც ინარჩუნებს მაღალ მაჩვენებლებს და ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.  ამასთან ერთად უკანასკნელი რამდენიმე წლის დინამიკა გვიჩვენებს, რომ არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალის მაჩვენებლები 40 პროცენტს უახლოვდება. მაღალია უმუშევრობის დონე რეგიონებში; უმუშევრობის დონე განსხვავდება რეგიონებისა და მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალია უმუ­შევრობა 30 წლამდე ახალგაზრდებში, ის საშუალოდ 30 პროცენტს შეადგენს. არანაკლებად მწვავეა ფორმალური სექტორის ფორმირების საკითხები საქართველოში; 2022 წლის მდგომარეობით, არაფორმალურად დასაქმებულთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი, ის არასასოფლო-სამეურნეო სფეროში 30 პროცენტს აღწევს. ძალიან მაღალია დამოუკიდებელ მუშაკთა პროცენტული მაჩვენებელი და აღემატება სულ დასაქმებული მოსახლეობის მეოთხედს. 30 წლამდე დაუსაქმებელი ახალგაზრდობის რიცხოვნობასთან ერთად ასევე საგანგაშოა სტატისტიკური მაჩვენებლები იმ ახალგაზ­რდებისა, რომლებიც არც სწავლობენ და არც  ტრენინგებს გადიან. ასეთი ახალგაზრდების პროცენტული წილი ბოლო წლების განმავლობაში (GeoStat, 2023) ასევე საშუალოდ 30 პროცენტს შეადგენს.

დასაქმების კრიზისის მიუხედავად, მაღალია მოთხოვნა კვალიფიციურ მუშაკებზე. კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას განიცდის არა მხოლოდ კერძო ბიზნესი და სახელმწიფო ორგანიზაციები, არამედ სხვა ეკონომიკური სუბიექტები ყოველდღიური პროცესების მოთხოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოთხოვნა მაღალია როგორც უმაღლესი განათლების მქონე მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე, ასევე პროფესიული განათლების სპეციალური და ტექნიკური უნარების მქონე მუშაკებზე.

სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების ფარგლებში უნდა დაინერგოს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შესაბამისობაშია  შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, ასახულია სახელმწიფო პოლიტიკის არაერთ დოკუმენტში და შესაბამის სამოქმედო გეგმებში. ამასთან ერთად აღსანიშნავია რომ ხელისუფლება აღიარებს თვით სამეწარმეო სწავლების დანერგვა-განვითარების სტრატეგიულ საჭიროებას განათლების სისტემის ყველა დონეზე. არსებული ეკონომიკური ვითარება და გატარებული  სახელმწიფო პოლიტიკის ზომები უბიძგებს და ხელს უწყობს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განავითარონ ბიზნესგანათლების და სამეწარმეო სწავლების პროგრამები და შესაბამისი კურიკულუმები. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო და სხვა ანალიტიკური კვლევები ხაზს უსვამენ პროფესიული განათლების ფარგლებში სამეწარმეო სწავლების დანერგვისა და  გაღრმავების აუცილებლობას. არაერთი საერთაშორისო კვლევა, რომლებიც განხორციელდა პროფესიული განათლების გამოწვევების შესწავლის მიზნით, ადასტურებს, რომ მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე განვითარებად ქვეყნებში მუშაკთა პროდუქტიულობისა და ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია მათ მიერ სამეწარმეო უნარების დაუფლების დონესთან (J-PAL, 2023). ამავდროულად, მეცნიერები აღიარებენ სტუდენტების გლობალური კომპეტენციის ფორმირების საჭიროებას უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ფარგლებში და ადასტურებენ იმას, რომ გლობალური კომპეტენციის ნაკლოვანება შედეგად იწვევს ეკონომიკის პროდუქტიულობის შემციერებას (Brustein, 2007). საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესგანათლებისა და სამეწარმეო სწავლების განვითარება დღეს არის გარდაუვალი მოსწავლეებსა და სტუდენტებში. გლობალური კომპეტენციის განვითარება  ნაკარნახევია არსებული გლობალიზაციის ტენდენციებით.

საქართველო გამონაკლისი არ არის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით ექცევა ყურადღება უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში. უმაღლესი განათლების დაწესებულებებს უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი ინტერნაციონალიზაციის განვითარების კუთხით; იზრდება არა მხოლოდ აკადემიური გაცვლითი პროგრამების რაოდენობა, არამედ საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც იზიდავენ და მასპინძლობენ ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. დიდი ყურადღება ექცევა პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის განვითარების საკითხებს, რათა მოხდეს პროფესიული განათლების სისტემის სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ქართული პროფესიული განათლების სისტემის ინტეგრირება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით საქართველოში უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, ხაზი უნდა გაესვას საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანობებს. როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ასევე პროფესიული განათლების დაწესებულებების ფარგლებში, ინტერნაციონალიზაცია, როგორც ასეთი, უნდა აისახებოდეს უშუალოდ სასწავლო და კვლევით პროცესებში და შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და კურიკულუმების განვითარების დონეზე.

ნაშრომში განხილულია განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის არსი და მისი გავლენა ბიზნესგანათლების და სამეწარმეო სწავლების განვითარებაზე; ახსნილია უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულების ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის პროცესის,  ბიზნესკურიკულუმის და მეწარმეობის სასწავლო მოდულის განვითარების ურთიერთკავშირი; აღწერილია ის მიდგომები, რომლებიც საქართველოში ბიზნესგანათლების და სამეწარმეო სწავლების განვითარების პოტენციურ შესაძლებლობებს შექმნის.  დასკვნით ნაწილში აღნიშნულია კულტურათაშორისი პედაგოგიკის დანერგვის მნიშვნელობა ინტერნაციონალიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისთვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კონტექსტში. ნაშრომის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული მონაპოვრები შესაძლებელია დაინერგოს საქართველოში სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებში.

ინტერნაციონალიზაციის პროცესი და მისი არსი. ინტერნაციონალიზაცია განიხილება როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტენდენცია თანამედროვე განათლების სისტემაში. მსოფლიოში გლობალიზაციის ისტორიულმა განვითარებამ გააძლიერა განათლების სისტემის ადაპტირების აუცილებლობა, რასაც მოჰყვა განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ინტენსიური დანერგვა. 

ინტერნაციონალიზაცია კომპლექსური ტერმინია. თავდაპირველად იგი ძირითადად აღნიშნავდა პროცესებს, რომლებიც უკავშირდებოდა განათლების სისტემის ფარგლებში მიმდინარე აკადემიურ მობილობას: სწავლას, აკადემიურ გაცვლას და სტაჟირებას საზღვარგარეთ (ე.ი. ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაცვლას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში), თუმცა თანამედროვე კონტექსტში, ტერმინი ინტერნაციონალიზაცია მოიცავს მრავალ სხვადასხვა ასპექტს, რომელთა ერთობლიობა ხელს უწყობს ისეთი აკადემიური წრეებისა და რესურსების შექმნას და ჩამოყალიბებას, რომლებიც მოამზადებენ სტუდენტებს გლობალიზირებული ეკონომიკური ცხოვრების გათვალისწინებით სამუშაო ძალაში პროდუქტიული ჩართულობისთვის.

გლობალურ  კონტექსტში განათლების ინტერნაციონალიზაციის წინეშე ყოველთვის იდგა სხვა­დასხვა გამოწვევები, რომლებიც უკავშირდებოდა შემდეგ პროცესებს: ინტერნაციონა­ლიზაციის ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვა; განათლების სისტემების ურთიერთ­გავლენა; ცოდნის და გამოცდილების საერთაშორისო გაზიარება-ტრანსფერი;  თანამშრომლობა და კონკურენცია საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნით;  განათლების სისტემის მარეგულირებელი ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკა.  ამ ყველაფერთან  ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი საკითხი. ეს არის  უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმოება (Kehm and Teichler, 2007).

სწავლების და კვლევის ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმოება წარმოუდგენელია შესაბამისად დამუშავებული და დახვეწილი კურიკულუმის გარეშე. ერთის მხრივ, კურიკულუმის განვითარება და მისი ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. სწორედ კურიკულუმის განვითარება, მისი ინტერნაციონალიზაცია არის ერთ-ერთი ურთულესი და კომპლექსური პროცესი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლები, სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალი (Nutsubidze, 2023). 

ბიზნეს განათლების ინტერნაციონალიზაციის გამოწვევები. ბიზნეს განათლების ინტერნა­ციონალიზაციის განვითარება დაიწყო გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან.ამერიკელი სპეციალისტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ბიზნესგანათლების და გლობალიზაციის ტენდენციების ურთიერთკავშირს. გლობალიზაციაში ამ შემთხვევაში იგულისხმება არა მხოლოდ განათლების სფეროში მიმდინარე გლობალიზაციის ტენდენციები, არამედ მსოფლიოში საერთაშორისო გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესპროცესების ინტენსიურობის გაძლიერება, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა  80-იანი, შემდგომ კი უფრო გაძლიერდა 90-იანი წლებიდან დაწყებული (Edwards, 2023; Xie and Zhang, 2021). ეკონომიკის გლობალიზაციას, სპეციალისტები განიხილავენ როგორც ბიზნესგანათლების ინტერნაციონალიზაციის ძირითად მამოძრავებელ ძალას.  ხოლო, ბიზნესგანათლების ინტერნაციონალიზაციის ძირითად მიზნად სპეციალისტები აღიარებენ სტუდენტების გლობალური კომპეტენციის ფორმირებას (Brustein, 2007).

თანამედროვე ეტაპზე, ბიზნესგანათლების ინტერნაციონალიზაცია არა მხოლოდ ინსტიტუციონალურ დონეზე ვითარდება, არამედ დისციპლინათა, სასწავლო კურსების და შესაბამისი კურიკულუმის განვითარების დონეზე. დისციპლინების განვითარება, მათი კონტექსტის ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს კრიტიკულ აუცილებლობას (Xie and Zhang, 2021). ბიზნეს­განათლების და ბიზნესკურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სტუდენტების საერთაშორისო, გლობალური ტექნიკური და კულტურათაშორისი კომპეტენციების ფორმირება (Mughan, 2009).

ამასთან ერთად, საყურადღებოა ბიზნესგანათლების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და არსებული გამოწვევები. სპეციალისტები აღნიშნავენ რომ პროფესორ-მასწავლებლები ძალიან ხშირად არ ფლობენ საერთაშორისო ბიზნესის (მენეჯმენტის) დარგისთვის დამახასიათებელ სათანადო პრაქტიკულ გამოცდილებას (Mughan, 2009). ამასთან ერთად აკადემიურ წრეებში დებატები მიმდინარეობს ბიზნესის (მენეჯმენტის) დისციპლინების თეორიული საფუძვლების დაბალანსებული სწავლების პრობლემების შესახებ. დღემდე პრობლემატური რჩება საკითხები, რომლებიც უკავ­შირდება სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ეფექტურ სწავლებას, გამოყენებას და სტუდენტების თანამედროვე ბიზნესაზროვნების გაწრთვნას. მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, სტუდენტების გლობალური კომპეტენცია უნდა იყოს მიღწეული. პრაქტიკა ადასტურებს რომ საერთაშორისო ბიზნესის სფეროში ოპერირებენ ფირმები, რომელთა ლიდერები და მენეჯერები ფლობენ განსაკუთრებულ კულტურათაშორის და გლობალურ ტექნიკურ კომპეტენციებს (Mughan, 2009; Xie and Zhang, 2021).

ბიზნესკურიკულუმის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია. ბიზნესგანათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უპირველეს ყოვლისა, ბიზნესკუ­რიკულუმის განვითარება. იგი მიზნად ისახავს სწავლების ისეთი შედეგების მიღწევას, რომლებიც გამოვლინდება სტუდენტების გლობალური, საერთაშორისო კომპეტენციების ფორმირებაში. საერთაშორისო ლიტერატურაზე დაყრდნობით შესაძლებელია გამოვყოთ ბიზნესკურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის შემდეგი სხვადასხვა პრაქტიკული და კომპლექსური ხელის შემწყობი ფაქტორები, მიდგომები და შესაძლებლობები:

-  ბიზნესკურიკულუმის განვითარება და ინტერნაციონალიზაციის განხორციელება პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კომპეტენციებისა და გამოცდილების გაზრდის და მათ მიერ კულტურათაშორისი პედაგოგიკის უნარების დაუფლების მეშვეობით, რაც ხშირად პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო და გაცვლით პედაგოგიურ პროგრამებში ჩართულობით მიიღწევა   (Nutsubidze, 2018);

-  ბიზნესკურიკულუმის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია სასწავლო კურსებში გლობალური კონტექსტის ინტეგრირების მეშვეობით (Zilch, 2018);

-  ბიზნესკურიკულუმის ინტერნაციონალიზაცია და მისი ადაპტირება, უპირველეს ყოვლისა, კოგნიტიური თვალსაზრისით სწავლების დონის გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერება, ძირითადად, ქეისებსა და ბიზნესსი­ტუაციების სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლების გზით (Mughan, 2009);

-   დაბოლოს, პროფესორ-მასწავლებელთა მიერ საკლასო ოთახში (აუდიტორიაში) საერთაშორისო სტუდენტების ქცევისას სხვადასხვა კულტურული ასპექტების გააზრება-გათვითცნობიერება და მათი გათვალისწინება სწავლის მეთოდების, მიდგომების და სასწავლო კურსების განვითარებისა და დანერგვისას (Umaschi, 2018).

ბიზნესგანათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოშიგანსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას, რადგან ამ პროცესის გამართული წარმართვა განაპირობებს ბიზნესგანათლების განვითარებას მისი მრავალმხრივი ასპექტების განვითარების თვალსაზრისით. ამაში შედის არა მხოლოდ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და დახვეწა, არამედ სტუდენტთა გლობალური კომპეტენციის აღიარება, სასწავლო რესურსების, ტექნოლოგიების, საბიბლიოთეკო ბაზის გაძლიერება და, რა თქმა უნდა, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის განვითარება-ამაღლება. ამასთან ერთად, ბიზნესგანათლების ინტერნაციონა­ლიზაცია ხელს უწყობს უცხოელ სტუდენტთა მოზიდვის შესაძლებლობების ზრდას საქართველოს უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებებში (Nutsubidze, 2023). 

   სამეწარმეო სწავლების და ინტერნაციონალიზაციის განვითარება პროფესიულ სასწავლებლებში. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებული ყურადრება ექცევა ისეთი პოლიტიკის ზომების განხორციელებას, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოა და უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის ფორმირებას. სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებამ, როგორც საკვანძო და პრიორიტეტულმა კომპეტენციებმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 2015 წლიდან დაწყებული სამეწარმეო სწავლების ინტეგრირება ხდება პროფესიულ პროგრამებში. სამეწარმეო სწავლების განვითარების მიზნების მისაღწევად უკვე განხორციელდა მრავალი საერთაშორისო პროექტი, რაც პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი და სამაგალითო ნაწილია. სამეწარმეო სწავლების მნიშვნელოვანი პროგრესი პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში განპირობებულია “განათლების სისტემის ყველა დონეზე უწყვეტი სამეწარმეო სწავლების დანერგვის 2019–2020 წლების სამოქმედო გეგმით“, რომელიც ეყრდნობოდა ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების სწავლების ჩარჩოს   (EntreComp) სხვა­დასხვა თანამედროვე მიდგომებს. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს „2020 – 2021 წლების სტრატეგიული ანგარიშის“ (2022) მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, სამინიტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის, „D-Lab“-თან პარტნიორობით, განხორციელდა პროფესიული სას­წავლებლების გაძლიერების პროექტი. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მეწარმეობის სწავლების ხელშეწყობას ახალი სასწავლო მოდულის განვითარების გზით. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი სასწავლო მოდული — „მეწარმეობა“. მისი დანერგვის მხარდაჭერაზე მუშაობს პროფესიული უნარების სააგენტო (Ministry of Education and Science, 2022). „მეწარმეობის“ სასწავლო მოდული უნდა წარმოადგენდეს პროფესიული პროგრამების სავალდებულო კომპონენტს. მიუხედავად ამისა, რიგ პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოდული არ არის ჯერ კიდევ სრულად დანერგილი და მოითხოვს დამუშავებას და ადაპტირებას, რათა ეფექტურად წარიმართოს პროექტზე დაყრდნობით სწავლება და სტუდენტების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული უნარების დაუფლება.

თანამედროვე ეტაპზე პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის მიმდინარე პროცესები მოიცავს როგორც პროფესიული სასწავლებლის პერსონალისა და სტუდენტების მობილობას, ისე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას პოლიტიკის შემუშავების, რეგულაციების დადგენისა თუ სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდოლოგიების მიმართულებით. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს „2020 – 2021 წლების სტრატეგიული ანგარიშის“ (2022) მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი  ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდა სისტემურ დონეზე. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო დაეფუძნა ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნებსა და პრინციპებს, რაც ხელს უწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების თავსებადობას და აღიარებას განათლების ევროპულ სივრცეში. დაინერგა პროფესიული განათლების კრედიტების სისტემა, რომელიც ეფუძნება ევროპულ მექანიზმს — ECVET; ევროპული სტანდარტის შესაბამისად შეიქმნა და დაინერგა პროფესიული დიპლომისა და სერტიფიკატის, ასევე მათი დანართების განახლებული ფორმები. პროფესიული განათლების შესახებ ახალმა კანონმა  ასევე შექმნა სამართლებრივი საფუძველი პროფესიულ განათლებაში ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად (Ministry of Education and Science, 2022, 2023). 

დასკვნა. ბიზნესგანათლების ინტერნაციონალიზაცია უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ინსტიტუციური მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება, არამედ საქართველოში ადამიანური კაპიტალის, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების საწინდარი. ბიზნესგანათლების განვითარების უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს ბიზნესკურიკულუმის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც ემსახურება სტუდენტებისთვის გლობალური, საერთაშორისო კომპეტენციის მინიჭებას. ამავე დროს, თანამედროვე საქართველოში უმაღლესი განათლების დაწესებულებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ენიჭებოდეს კულტურათაშორისი პედაგოგიკის დანერგვის და განვითარების შესაძლებლობებს. არსებული ტენდენცია გვიჩვენებს რომ უმაღლესი განათლების დაწესებულებებს საქართველოში გააჩნიათ პოტენციალი, მოიზიდონ საერთაშორისო სტუდენტების  მრავალფეროვანი კონტინგენტი. არსებული რეალობის ფონზე ხაზი უნდა გაესვას იმ საკითხს, რომ კულტურათაშორისი პედაგოგიკა დამატებით ხელს უწყობს კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციას, რადგან ეხმარება შესაბამისი კურიკულუმის  მიწოდების განხორციელებაში. ამასთან ერთად კულტურათაშორისი პედაგოგიკა ხელს უწყობს სტუდენტებს, რათა, მიუხედავად მათი კულტურული და სოციალური განსხვავებულობებისა,  შეძლონ თანასწორად გრძნობდნენ თავს, პროდუქტიულად ისწავლონ და ინტეგრირებული იყვნენ მულტიკულტურულ გარემოში (Lee at al., 2017). საქართველოში კულტურათაშორისი პედაგოგიკისა და კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის პროცესებთან დაკავშირებული შესწავლა-ტრენინგის მიწოდება იშვიათია აკადემიურ სფეროში. პროფესორ-მასწავლებლები უმეტესწილად თეორიული ცოდნისა და უშუალოდ პირადი პრაქტიკის (მათ შორის წარმატებული და წარუმატებელის) მაგალითზე ავითარებენ თავიანთ კულტურათაშორის პედაგოგიურ უნარებს და გამოცდილებას. ამავეს თქმა გვიწევს კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის შესახებ. ხშირად და უმეტესწილად უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლები ახორციელებენ სასწავლო კურსებისა და კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციას (გლობალური კონტექსტის ინტეგრირება, სტუდენტებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული უნარების სწავლა, გადაცემა და სხვა) საკლასო ოთახის მულტიკულტურული გარემოს გათვალისწინებით, რაც  ხელს უწყობს და აძლიერებს უმაღ­ლესი სასწავლო დაწესებულებების ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის ტენდენციებს (ნუცუბიძე, 2023).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფესიული განათლების რეფორმირების პროცესის სახელმწიფო პრიორიტეტებს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია და სამეწარმეო კომპეტენციების ფორმირება. აღნიშნული პრიორიტეტები ემსახურება მიზანს, შეიქმნას ღირებული ადამიანური კაპიტალი და გაიზარდოს ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობა  როგორც თვით ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სამეწარმეო განათლების განვითარება შესაბამისად მოითხოვს პროფესიული განათლების ფარგლებში სამეწარმეო მოდულის ისეთ ადაპტირებას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისგან საერთაშორისოდ აღიარებული უნარების შესწავლას და დაუფლებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Brustein W.I. 2007. “The Global Campus: Challenges and Opportunities for Higher Education in North America.” Journal of Studies in International Education. Vol. 11. No. 3/4. pp. 382-391.
  2. Edwards, Ron at al., 2003. “Internationalization of Business Education: Meaning and implementation,” Higher Education Research & Development, 22:2, 183-192.
  3. Geostat. 2023. Employment and Unemployment. National Statistics Office of Georgia, Tbilisi, Georgia.
  4. J-PAL. 2023. Materials of Vocational Training Studies. MIT, Cambridge, MA, USA.
  5. Kehm B.M., Teichler U. 2007. “Research on Internationalization in Higher Education.” Journal of Studies in International Education. Vol. 11. No. 3/4. pp. 260-273.
  6. Lee, Amy, at al. 2017. Teaching Interculturally: A Framework for Integrating Disciplinary Knowledge and Intercultural Development. Stylus Publishing; ISBN-13:978-1620363805
  7. Lee, Amy, at al. 2018. “Intercultural Pedagogy: A Faculty Learning Cohort.” Education Sciences8(4), p. 177.
  8. Mughan, T., Oyvin Kyvik. 2009. “The Internationalization of Business: educational paradigms, research communities and challenges.” Academy of International Business, San Diego, USA.
  9. Nutsubidze, Tamila. 2018. “Internationalization of a Business Curriculum.”Materials presented on the Region One New England Conference, Greater Boston Area, MA. The International Accreditation Commission of a Business Education, USA.
  10. Nutsubidze, Tamila. 2023 „Internationalization of Higher Education. Intercultural Pedagogy and Development of a Business Curriculum,” Akaki Tsereteli State University, The Faculty of Pedagogy, Materials presented on the XI International Scientific Conference, Kutaisi, Georgia. (ქართულად)
  11. Ministry of Educationa and Science of Georgia. 2022, „Vocational Education.  2020 – 2021 Strategic Report,“ Department of the Development of Vocational Education, Tbilisi, Georgia. (ქართულად)
  12. Ministry of Educationa and Science of Georgia. 2022, „Vocational Education.  The 2022 Report of the National Strategic Action Plan, “ Department of the Development of Vocational Education, Tbilisi, Georgia. (ქართულად)
  13. Umaschi, Santiago. 2018. “Understanding the Role of Culture in International Students in-Class Behavior.”Materials presented on the Region One New England Conference, Greater Boston Area, MA. The International Accreditation Commission of a Business Education, USA.
  14. Xie, J. and Tianshuo Zhang. 2021. “Study on Internationalization Strategy of China’s New Business Education in the Background of Digital Economy.” International Education Studies; Vol. 14, No. 10; pp.92-102.
  15. Zilch, Kathy. 2018. “Integrating Global Context into Business Courses.”Materials presented on the Region One New England Conference, Greater Boston Area, MA. The International Accreditation Commission of a Business Education, USA.